პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლონდონის “ჩელსის” ჩაუდგება სათავეში, ინგლისურ კლუბს ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს და მისი ანაზღაურება წლიურად 6,5 მილიონ ფუნტი სტერლინგი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Times-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, “ჩელსიმ” ოფიციალურად უკვე დაადასტურა ლუიშ ფელიპე სკოლარისთან შეთანხმების ფაქტი. ლონდონური კლუბის ოფიციალური ინტერნეტ-გვერდის მიერ გავრცელებული განცხადებით, ბრაზილიელი სპეციალისტი “ჩელსის” 1 ივლისიდან ჩაუდგება სათავეში, თუმცა კონტრაქტის დეტალებზე ოფიციალურად საუბრისგან მხარეები ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე თავს იკავებენ.
ესპანეთის “ბარსელონამ”, შესაძლოა, ლონდონის “ჩელსის”, პორტუგალიელი ნახევარმცველი დეკო და კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტოო, 55 მილიონ ევროდ დაუთმოს. ამის შესახებ, ესპანური სპორტული გამოცემა Marca იუწყება. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, “ჩელსის” მთავარ მწვრთნელად ბრაზილიელი ლუიშ ფელიპე სკოლარის დანიშვნა, შესაძლოა, მთავარი ფაქტორი აღმოჩნდეს დეკუსთვის, რომელმაც ერთი თვის წინ განაცხადა, რომ “ბარსელონას” დატოვება სურს. “ჩელსის” გარდა, დეკუს გადაბირება მილანის “ინტერსაც” სურს. რაც შეეხება ეტოოს, ლონდონელების დარად, მისი შეძენა “მილანსა” და “ინტერს” უნდათ.